← სიახლე
2 ოვერტაიმი ქუთაისში და ერთქულიანი სხვაობა მარნეულში

2017-02-14

 შედეგები  
 გალერეა

საკალათბურთო „ა“ ლიგის მე-4 ტური დაძაბული მატჩებით დაიწყო. დღეს მარნეულსა და ქუთაისში 2 თითო შეხვედრა გაიმართა და ორივეგან მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა.

ქუთაისში „წყალტუბომ“ სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს (სეუ-ს) უმასპინძლა და 2 ოვერტაიმში, 99:94 დაამარცხა, მარნეულში კი თბილისის „ტიტებმა“ „დელტას“ მინიმალური სხვაობით - 67:66 სძლია.

„დელტა“ ტურნირის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი გახლდათ და ცხადია, საკუთარ ქალაქში მორიგ გამარჯვებასაც გეგმავდა. მასპინძლებმა შესანიშნავად ითამაშეს პირველ ტაიმში, რომლის მეორე ნაწილში მეტოქეს 18:0 გაქცევა მოუწყვეს და 7-ქულიანი ჩამორჩენა 11-ქულიან ლიდერობად აქციეს, თუმცა დიდ შესვენებამდე „ტიტებმა“ ჩამორჩენა 7 ქულით შეამცირეს და მეორე ტაიმში მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს.

გუნდური თამაშის წყალობით „ტიტებმა“ ჩამორჩენა ჯერ გააბათილეს, ბოლო პერიოდში კი დაწინაურდნენ კიდეც. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე თბილისელებმა ხელთჩასაჭიდი ლიდერობა (67:60) მოიპოვეს, მაგრამ „დელტამ“ ბოლომდე იბრძოლა და ჩამორჩენა მინიმუმამდე ხომ შეამცირა - გადამწყვეტი შეტევის უფლებაც მოიპოვა. დარჩენილ 7 წამში მარნეულელებმა ორჯერ მოასწრეს შეტევა, მაგრამ ჯერ ზვიად ანთაძის ნასროლი ბურთი ასცდა მიზანს, შემდეგ კი - კელვინ დოუნსის.

ფოტო: ზიზუ ჯიქია, "მარნეული დელტას" პრეს–სამსახური 

„ტიტებში“ 16-16 ქულით ნათანიელ დრეიტონი და რაიან აარონი გამოირჩნენ. 11-11 ქულა არმანი ფლანინგანისა და გიორგი ვახანიას ანგარიშზეა. ლაშა გამყრელიძე გამარჯვებულებს 7 ქულით, 6 პასით და 4 მოხსნით შეეწია. „დელტას“ შემადგენლობაში 18 ქულით ბომბარდირი დეანდრე რეი გახდა.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაში „ა“ ლიგის რეკორდი დაფიქსირდა. წყალტუბოელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ტრავანტე უილიამსმა 48 ქულა მოაგროვა, რითაც იმერული კლუბის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ძირითადი დრო 73:73 დასრულდა, პირველი ოვერტაიმის შემდეგ კი კვლავ ფრე - 86:86 დაფიქსირდა.

წყალტუბოელებს აკლდათ ამერიკელი გამთამაშებელი ბრაიან ბლექმონი, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა - ზურა ტომარაძემ გუნდი დატოვა. სეუ-ს გამარჯვება შეეძლო, თუცა ძირითადი დროის ბოლოსწინა წამზე რიჩარდ მათიაშვილმა 2-დან მხოლოდ ერთი საჯარიმო ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.

მეორე ოვერტაიმში წყალტუბოელებმა საბოლოოდ გატეხეს მეტოქე, 95:86 დაწინაურდნენ და გამარჯვებამცე იოლად მივიდნენ. 48 ქულის მიმთვლელ უილიამსის კვალზე „წყალტუბოში“ 18 ქულა და 19 მოხსნა ჰქონდა დმიტრი სვირიდოვს, დიმიტრი დვალიშვილმა კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. სეუ-შიც გამორჩეული შედეგი დაფიქსირდა - ჯამალ უილსონმა 41 ქულა მიითვალა, ერიკ გეინესის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. სამმაგ დუბლს მიუახლოვდა რიჩარდ მათიაშვილი, რომელმაც 11 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა.

მე-4 ტურის დარჩენილი მე-3 შეხვედრა ხვალ, 15 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 18:00 საათზე „თსუ–ჰიუნდაი“ „არენას“ დაუპირისპირდება. 

მარნეული – ტიტები  66:67

წყალტუბო – სეუ  99:94  

ფოტო: ზიზუ ჯიქია, "მარნეული დელტას" პრეს–სამსახური 

ფოტო: მირიან ჩხეიძე, "ტიტების" პრეს–სამსახური

2015 © a-league.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890