← სიახლე
დაძაბულად დაწყებული „ა“ ლიგის“ მე-4 ტური დაძაბულადვე დასრულდა

2017-02-16

 სტატისტიკა
 გალერეა

დაძაბულად დაწყებული „ა“ ლიგის“ მე-4 ტური დაძაბულადვე დასრულდა. დღეს გამართული „თსუ-ჰიუნდაისა“ და „არენას“ დაპირისპირება დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და შეხვედრის ბოლო წამებზე მოპოვებული უპირატესობის წყალობით სტუდენტური გუნდის გამარჯვებით - 67:62 დასრულდა.

მატჩს მონაცვლეობით იგებდა ჯერ „არენა“, შემდეგ „თსუ-ჰიუნდაი“ და ლიდერი თამაშის მსვლელობისას კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა. საწყისი ათწუთეული „არენამ“ 18:14 მოიგო, მეორე პერიოდი კი ჰიუნდაელთა 6-ქულიანი ლიდერობით დასრულდა და დიდ შესვენებაზე სტუდენტური გუნდი 34:32 დაწინაურდა.

მესამე მეოთხეში „თსუ-ჰიუნდაიმ“ ლიდერობა 5 ქულამდე გაზარდა, მაგრამ დასკვნით პერიოდში არენელებმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს და ბოლო წუთზე დაწინაურებაც შეეძლოთ. გადამწყვეტ მომენტში როდნერიუს ლიუისმა ბურთი დაკარგა, ხოლო საპასუხო შეტევაში „თსუ-ჰიუნდაიმ“ გამარჯვებისთვის საჭირო ბურთი ჩააგდო.

სტუდენტებს 14 ქულითა და 13 მოხსნით კრის გებრიელმა ულიდერა. 13-13 ქულა დაგროვდა გიორგი კორსანტიასა და სანდრო სანაძის ანგარიშზე. „არენაში“ 19 ქულით ლიუისი გამოირჩა, პიტერ ალექსისის ანგარიშზე კი 12 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. ამ გამარჯვებით „თსუ-ჰიუნდაი“ წამოეწია „ა“ ლიგის 2 ლიდერს - „დელტას“ და „ტიტებს“. სამივე გუნდს 4 ტურის შემდეგ 3 გამარჯვება აქვთ. 

2015 © a-league.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890