← სიახლე
3X3 კალათბურთი ოლიმპიური სახეობა გახდა

2017-06-10

3X3 კლათბურთი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანეს. უახლოეს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 3X3 კალათბურთი ცალკე დისციპლინად იქნება წარმოდგენილი. ეს დღე ისტორიულია სპორტის ამ სახეობის მიმდევართა და ორგანიზატორთათვის. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ, ფიბა-მ ყველაფერი გააკეთა 3X3 კალათურთის პოპულარიზაციისთვის და 10-წლიანი დაუღალვი შრომა გუშინ სპორტის ამ სახეობის ოლიმპიურ თამაშებში ჩართვით დასრულდა.


ეს დღე სასიხარულო და გამორჩეულია საქართელოსთვისაც. ჩვენი ქვეყნის კალათბურთის ფედერაცია დიდ ყურადღებას უთმობს 3X3 კალათბურთს და ბოლო წლებში ეროვნულ ჩემპიონატის ჩატარებასთან ერთად სპორტის ამ სახეობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მასშტაბური აქტივობები ხორციელდებოდა. ფედერაციამ შეიძინა ფიბა-ს მიერ ლიცენირებული, 3X3 კალათბურთის გადასატანი მოედანი, რომელიც დედაქალაქის  უბნებთან ერთად ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიშალა და მასზე ასობით კალათბურთელმა ითამაშა საინტერესო ტურნირები. ზოგადად კი საქართველოში 3X3 კალათბურთი ფესვებს 14 წლის წინ ქუჩის საკალათბურთო აქტივობებით იღებს. 2003 წლიდან თბილისში აქტიურად ტარდებოდა ტურნირები ქუჩის კალათბურთში, ეგრედ წოდებულ სტრიტბოლში. ბოლო 4 წელია, ეს საქმე კალათბურთის ფედერაციასთან ერთად ხორციელდება და 3X3 კალათბურთში ზემოთ ხსენებულმა წარმატებებმაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ბოლო წლებში საკმაოდ მაღალი რეიტინგი გააჩნია ფიბა-ს კლასიფიკაციაში, რისი დადასტურებაც ჩვენი 18-წლამდე და ეროვნული ნაკრებების ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სისტემატური ასპარეზობაა. 3X3 საკალათბურთო აქტივობა, რომელიც საკმაოდ მაღალია საქართველოში, სპორტის ამ სახეობის ოლიმპიადაში ჩართვის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. მართალია, ჯერ არაა წარმოდგენილი, თუ როგორ მოხდება საოლიმპიადო ლიცენზიის მოპოვება, თუმცა ამიერიდან თითოეული ქვეყანა რომ უდიდეს ყურადღებას მიაქცევს სპორტის ამ სახეობას, თავისთავად ცხადია.

ამ ეტაპზე ისაა ცნობილი, რომ 2020 წლის ოლიმპიადაზე 3X3 კალათბურთში 8 კაცთა და 8 ქალთა გუნდი, მთლიანობაში 64 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო მასშტაბით 8 საუკეთესო გუნდის შერჩევის პროცედურას ფიბა უახლოეს ხანებში ჩამოაყალიბებს.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე აქტვობებს: 9 ივლისს დაიწყება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალალათბურთში, რომელიც 22 ივლისს, ფინალური ეტაპით დასრუდება. ჩვენს 18-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებებს კი საერთაშორისო სარბიელზე მოუწევს ასპარეზობა: 18-წლამდელები 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩინეთში, მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ, ხოლო ეროვნული ნაკრები 24-25 ივნისს ანდორაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს. წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის თასის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, რომელსაც 7-9 ივლისს ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი უმასპინძლებს.

2015 © a-league.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890