← სიახლე
თსუ-ჰიუნდაიმ დელტას სძლია და ქულებით გაუთანაბრდა

2017-04-08

სუპერლიგაში გადასასვლელი ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დღეს მე-12 ტურის დარჩენილ 2 შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს პირველი ადგილისა და შესაბამისად, სუპერლიგის საგზურის მთავარი კანდიდატები - მარნეულის „დელტა“ და „თსუ-ჰიუნდაი“ შეხვდნენ.

აღნიშნულ ცენტრალურ მატჩამდე „ტიტებისა“ და სეუ-ს მატჩი შედგა. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდს მიმდინარე სეზონში მოგება ჯერ ვერ მოუპოვებია და ეს უიღბლო ტრადიცია „ტიტებთანაც“ გაუგრძელდა. არადა, სეუ-ელებმა ღირსეულად და ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა კლასით უფრო მაღლა მდგომ გუნდს ვერ აჯობეს.

„ტიტებმა“ საბოლოოდ 76:65 გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. გამარჯვებულებს 30 ქულითა და 10 მოხსნით რაიან აარონმა ულიდერა. 16 ქულა მიითვალა გიორგი დვალმა, ხოლო ლაშა გამყრელიძის ანგარიშზე 5 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. სეუ-ში 20 ქულით საუკეთესო იყო კახა გიორგაძე.

ლიდერთა მატჩს რაც შეეხება, „დელტასა“ და „თსუ-ჰიუნდაის“ შორის ბრძოლა არ შედგა. სტუდენტურმა გუნდმა შეხვედრის დებიუტშივე მოახერხა დამაჯერებელი ლიდერობის მოპოვება - 14:0 დაწინაურდა და დარჩენილ დროში მარნეულისთვის წარმატების შანსი არ მიუცია.

არადა, მარნეულის გუნდს რომ მოეგო, ერთპიროვნულ ლიდერობას 2-ქულიანი უპირატესობით იმაგრებდა და დარჩენილ 3 ტურში ამ ჰანდიკაპს დიდი ალბათობით შეინარჩუნებდა. თუმცა სანდრო სანაძისა და კრისტოფერ ანდერსონის, ასევე „თსუ-ჰიუნდაის“ დანარჩენი კალათბურთელების ძალისხმევით თბილისელებმა ისე იმარჯვეს, ვითარება არც დაძაბულა - 84:63.

გამარჯვებულებს 25 ქულით ულიდერა სანდრო სანაძემ, კრის ანდერსონის ანგარიშზე კი 11 ქულა და 13 პასი დაგროვდა. 15 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა მატჩი კრისტოფერ გაბრიელმა. „დელტაში“ 11-11 ქულა ჰქონდათ დეანდრე რეის და სოსო ლეჟავას. „დელტა“ და „თსუ-ჰიუნდაი“ ქულებით გათანაბრდნენ, პირად შეხვედრებში კი უპირატესობას მარნეულის გუნდი ფლობს.

2015 © a-league.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890